24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათ აკრძალვა.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae).

„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე. ამგვარად, დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.