ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ალეკო ცქიტიშვილის ანგარიშზე თანხებს რიცხავს შემდეგი დანიშნულებით: „სახელოვნად გამარჯვებისთვის“, გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება? – ამის შესახებ საბოტაჟის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, პროკურატურას აინტერესებს, ცქიტიშვილს აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო საპროტესტო აქციების ორგანიზატორი და რა იყო საერთო მიზანი?
„აქციების პერიოდში მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე ჩარიცხულია თანხები. მათ შორის, თანხები ჩარიცხულია პოლიტიკოსების მიერ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით: „სახელოვნად გამარჯვებისთვის“. შესაბამისად, გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება. ასევე, ისიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო ორგანიზატორი და რა იყო საერთო მიზანი?“ – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი გამოიკითხა.
ცნობისთვის, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.