თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, 21 წლის ბიჭს მიაჩნდა, რომ მისი მეგობარი გოგო, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი იყო მისი საკუთრება, რის გამო უფლება ჰქონდა რასაც მოისურვებდა იმას გააკეთებდა.
პროკურორს ინფორმაციით, 21 წლის გოგოს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია სამივე ნაწილში, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მომეტებულად საშიშროება ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე - მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. მიაჩნდა, რომ ქეთევან ჯავახიშვილი იყო მისი საკუთრება, რასაც მოისურვებდა ის უნდა გაეკეთებინა. პირველადი მონაცემებით, მას მიყენებული აქვს 50-ზე მეტი ჭრილობა, რომელთაგან უმრავლესობა არის შემავალი ხასიათისა და სიცოცხლისთვის მძიმე ხარისხის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
2024 წლის 29 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.