საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.
„ჩვენი კომისიის სამდივნო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად უკავშირდებოდა ბადრი ჯაფარიძეს. სთხოვდა მობრძანებას კომისიის წინაშე და შპს „მაგნატის“ საქმეზე კითხვებზე პასუხის გაცემას. ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ფოსტისგან შეისყიდა სპეციალურად მომსახურება და ფელდეგერი გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძის საცხოვრებელ მისამართზე გუშინ წინ დილით. მას კარი არ გაუღეს, რომ ჩაებარებინა წერილი, რითაც ვიწვევდით სხდომაზე. ამის შემდეგ ფელდეგერს მოუწია „ლელოს“ ოფისში მისვლა, სადაც ბადრი ჯაფარიძე არ დახვდა. ბატონი ბადრი იყო ადგილზე, მაგრამ ფელდეგერთან შესახვედრად მოავლინა ორი თანამშრომელი, მათ შორის ერთი იურისტი, რომელმაც შესთავაზა ფელდეგერს, გადაეცა წერილი მისთვის, თავად გააცნობდა ბადრი ჯაფარიძეს და დაუბრუნებდა პასუხს, თუმცა წერილითვე უკან დაბრუნდა თანამშრომელი და ფელდეგერს განუცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძეს არ სურდა ამ წერილის ჩაბარება. ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის მიგვეცა დამატებითი დრო, რადგან პირი პოლიტიკურ პარტიაში როცა მუშაობს, შესაძლოა, გარკვეული შეხვედრები ჰქონდეს ჩანიშნული, მათ შორის მოქალაქეებთან და არ სურდეს საკუთარი სამუშაო გრაფიკის დარღვევა, თუმცა მას რამდენიმე დღით ადრე უკავშირდებოდა სამდივნო და შეეძლო, კომისიის და მისი პირადი თუ პროფესიული გრაფიკი ერთმანეთისთვის მოგვერგო ერთობლივი დრო. დამატებითი დრო მივეცით, მაგრამ გუშინ ოთხ საათამდე კვლავ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ამიტომ, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დანაშაულის ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე. დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს. გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ ბადრი ჯაფარიძის საკითხი და გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.