კლინიკა “ჰელსი კორში”, სადაც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, საპოლიციო ძალები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.
პოლიციამ კლინიკაში პაატა ბურჭულაძე დააკავა.
პაატა ბურჭულაძე ათონელის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. რის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანა.
ასევე, პარლამენტთან ნაცმოძრაობის წევრები მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რადაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა 14 პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღე გაავრცელა განცხადება, რომ თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს