სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი დაიკითხა. მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეაფასა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

„მოწმე თავისთავად სანდოა. მოწმემ თქვა, რომ სააკაშვილს მიღებული აქვს გარკვეული მექანიკური ტრავმა, თუმცა ექსპერტს არ შეუძლია თქვას, საიდან მიიღო, როდის მიიღო ტრავმა. ეს ანამნეზიდან ირკვევა. მისი გადმოცემით, როგორც სააკაშვილი ამბობს, მან ტკივილი განიცადა გადაყვანის დროს, თუმცა იმ დროს არ უგრძნია და შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს იყო ტკივილი. ასეთი ოპერაციები საკმაოდ ხშირად ტარდება საქართველოში და არ უთქვამს, რომ ამისთვის, არიქა, უცხოეთში გადაყვანა სჭირდება ადამიანს. ეს იყო ძალიან მოკლე და კონკრეტული დაკითხვა. ეჭვი არ მაქვს, რომ, რაც ნახა, ის დააფიქსირა, ოღონდ როდის მიიღო, საიდან მიიღო დაზიანება, ბუნებრივია, მას არ შეუძლია, ეს თქვას“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.