თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, - ამის შესახებ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.
„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზედაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, - განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გამოკითხვაზე დაბარება დაიწყო. თუმცა, რა მუხლით და რას ეხება კონკრეტული პირები უწყებაში დაბარება, ამ დრომდე ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.