დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობით, სიცოცხლის დასრულებას გამორიცხავს ყოფილი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია. როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე გამოძიება 1994 წლიდან დაიწყო და 2004 წლამდე მიმდინარეობდა. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ დახურულა, გამოძიებას რაიმე ღირებული არ გაუკეთებია.

გამსახურდია განმარტავს, რომ პროკურატურა ვერ ადასტურებს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობასაც კი, და სახელმწიფოს მთავარ საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურას ამასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს. ყოფილი პრეზიდენტის შვილი განმარტავს, რომ დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტებით ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა გამოირიცხება.

„ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს პროკურატურას გადავეცით თვითმკვლელობა გამოირიცხება. უპირველეს ყოვლისა, თვითმკვლელობა გამოირიცხება დედუქციური ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. აქ 14 თემატურ ქვეთავში არის მოცემული მთავარი მოწმეების ჩვენებები, მოწმეები შესწავლილია შეპირისპირების და წინააღმდეგობების მიხედვით, ბევრი რამ არ ემთხვევა, ბევრი რამ ეწინააღმდეგება ბუნების კანონებსაც. ჩვენ შევისწავლეთ საქმე კრიმინალისური თვალსაზრისითაც, ჩვენ გვქონდა დათმობილი ერთ-ერთი კრიმინალისტიური ლაბორატორია, სადაც გვეხმარებოდა ჩვენი მოწვეული ექსპერტი გია დეკანოზიშვილი. შესაბამისად, ვასკვნით, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია, თუმცა მკვლელობის „ნარატივი“ ანუ ზუსტი მიმდინარეობა, დრო, რა და როგორ - ეს უკვე ჩვენს რესურსს აღემატებოდა, რადგან ეს მხოლოდ დროებითი კომისია იყო“, - განაცხადა გამსახურდიამ.

მისი თქმით, კვლევის პროცესში დაიკითხა იგორ გიორგაძე და თემურ კიტოვანი, დანარჩენ დაკითხულებზე გამსახურდია განმარტავს რომ ეს პირთა წრე დაკავშირებულია მაშინდელ ქართულ სახელმწიფოსთან. „ეს არის 2 ჯგუფი, რომელიც ფეხდაფეხ სდევს ზვიად გამსახურდიას. ერთი ეს არის უშიშროების სამინისტროს ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს იგორ გიორგაძის მოადგილე, გენერალი ავთანდილ იოსელიანი, მეორე არის - შსს-ს ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალი გია გულუა, რომელსაც კოორდინაციას უწევს შს ყოფილი მინისტრი შოთა კვირაია. რაც შეეხება იმ ჯგუფს, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში მუშაობდა - ჩვენ ვიცით ეს ჯგუფი სახელების და გვარების დონეზე, ჩვენ გვაქვს მათი ფოტოები, თუმცა ვინ იყო ამ ყველაფრზე დოკუმენტები შსს-ს არქივში ვერ მოვიძიეთ, როგორც ჩანს დავალებები მიდიოდა ზეპირი განკარგულების ფონზე“, - განმარტა კონსტანტინე გამსახურდიამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით ძიება პროკურატურაში განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა.