წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხს თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გამოეხმაურა.

გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც რაიონის მაჟორიტარი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.

მისივე თქმით, სამუშაოები წერეთლის გამზირზე აპრილში დაიწყო და იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ობიექტზე ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკთან.

,,წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზოგიერთ შემთხვევაში უხარისხოდ მიმდინარეობდა, რის გამოც, კონტრაქტორ კომპანიებს, პროცედურების შესაბამისად შეუჩერდათ ხელშეკრულებები და 100 000 ლარით დაჯარიმდნენ’’,-განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უსაფუძვლოა ოპოზიციის ტყუილზე აგებული კამპანია დამკვეთსა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის თითქოსდა კორუფციულ გარიგებაზე.

"წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების იანვრის ბოლოსთვის დასრულების შესახებ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულდება’’,-აღნიშნა საკრებულოს წევრმა. მისივე თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.