თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. მოკლული, 58 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
მოკლულის თანმხლები, სროლის შედეგად დაჭრილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ცეცხლსასროლი ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე ცხრა გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა მათივე თქმით, მკვლელი არ დაუნახავთ.
როგორც მოკლულის ნათესავები ამბობენ, მამაკაცი ვაკეში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, მოკლულს ბიზნესი მოსკოვში ჰქონდა. მოკლულის ახლობლების თქმითვე, არაფერი სმენიათ დაძაბული ბიზნესურთიერთობების და საქმიანობაში რაიმე პრობლემების შესახებ.
მკვლელობა ჭავჭავაძის 9 ნომერთან მოხდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.