ორგანიზებული დანაშაულის  ერთ-ერთი გავრცელებული  ფორმის ,,ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს პროკურატურამ  პარალელური ფინანსური გამოძიებების პრაქტიკა დანერგა, რომლის ფარგლებშიც  იმ უკანონო ფინანსური თუ მატერიალური აქტივების მოძიება ხდება, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრების მიერ  დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად არის მოპოვებული.-ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსადმი 2022 წლის 9 თვის შედეგების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების მიმართ და მსგავსი პრაქტიკა ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“- აღნიშნა ბაკურ აბულაძემ

გენერალური პროკურორის პირველმა  მოადგილემ ბაკურ აბულაძემ  საპროკურორო საბჭოს სხდომაზე,ასევე 2022წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 67 პირის მიმართ, მათ შორის: ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 32 პირის , კანონიერი ქურდობის ფაქტზე 5 პირის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 13 პირის , „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის  ფაქტზე  17 პირის მიმართ.

„ბოლო წლებში სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ქმედებებისა და სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად, ამგვარ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ზრდის დადებითი დინამიკა ფიქსირდება  და  აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პროკურატურის მიერ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი. აღნიშნული მუხლებით ბრალდებული ყველა პირის  მიმართ პროკურორების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილია  პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა.’’- აღნიშნა ბაკურ აბულაძემ

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ  საბჭოს წევრებთან ,,ქურდული სამყაროს“ დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნის გარედან „ქურდული სამყაროს“ გავლენის აღდგენის მცდელობა. ასევე საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა.

როგორც ბაკურ აბულაძემ  აღნიშნა, „ქურდული სამყარო“ საზოგადოების ამა თუ იმ წრეში კვლავაც გარკვეული პოპულარობით სარგებლობს და მოქალაქეები თავს იკავებენ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მხრივ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოზარდები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადვილად ექცევიან კრიმინალური ე.წ. „ავტორიტეტებისა“ და ზოგადად, კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის ღონისძიებებს საზოგადოებრივი მართლშეგნებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის  9 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.