საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი განცხადებით, სპეციალიზებული დანაყოფის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა, რაც მათ შორის აქტიურად ვლინდებოდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებში.

„ახლად შექმნილი, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძირითადი მიზანია გამოავლინოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების ფაქტები, რეაგირება მოახდინოს კიბერდანაშაულის შესახებ შეტყობინებებზე და განახორციელოს კიბერდანაშაულის ფაქტებზე  ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

მისივე თქმით, სამმართველოს საქმიანობის 3 თვის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: გამოძიება დაიწყო 9 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა - 3 პირის მიმართ, ხოლო განხორციელდა  1 643 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონების და 1 500 000 ლარის ღირებულების კრიპტო ვალუტის ყადაღა/ამოღება.

სპეციალიზებული დანაყოფის ჩამოყალიბების პარალელურად, აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და დაკავშირებული საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ციფრული ლაბორატორია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დანაყოფის შესაძლებლობებს და ეფექტიანს ხდის კიბერდანაშაულის მასშტაბური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, ციფრული ლაბორატორიის მხარდაჭერით, 2022 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ახალი მიდგომის დანერგვა დაიწყო.

„საკითხისადმი ახლებური მიდგომა გულისხმობს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობებიდან ინფორმაციის ამოღებას გამოძიების მწარმოებელი უწყების სათანადო ცოდნის მქონე გამომძიებლის ან სხვა უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“ - აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, საქართველოს პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, დაინერგა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ამჟამადაც მიმდინარეობს ერთწლიანი სალექციო და პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომლის მიზანია პროკურორებისა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული მტკიცებულებების გამოვლენის, შენახვისა და გაანალიზების მიმართულებით.

ასევე, კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2022 წელს შეიმუშავა ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელო, რომლის შექმნის მიზანია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, გამომძიებლებს, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოღება წარმატებით მოახდინონ.

„ვირტუალური აქტივების სახელმძღვანელოში განხილულია ის საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც დაეხმარება პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, ეფექტიანად ამოიღონ მესამე პირების მფლობელობაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივები.

სახელმძღვანელოს შექმნა განაპირობა ვირტუალური აქტივების პოპულარიზაციასთან ერთად  მისი გამოყენების არეალის ზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საგამოძიებო ორგანოების მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა ვირტუალური აქტივების მოძიებისა და ამოღების მიმართულებით.“ - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მანვე ხაზი გაუსვა სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურების დაცვით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფის თანამშრომლების მიერ  სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, დიდი ოდენობით ღირებულების კრიპტოვალუტის მოძიებას და ამოღებას, რაც საქართველოს სამართალდამცავი უწყებების პრაქტიკაში იმ მომენტისათვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენისას, ბაკურ აბულაძემ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა სპეციალიზაციის და გადამზადების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კიბერდანაშაულის თემაზე განხორციელდა არაერთი სასწავლო აქტივობა, მათ შორის ტრენინგები კრიპტოვალუტის მოძიებისა და ამოღების თემაზე. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ტრენინგებში, კონფერენციებსა და რეგიონულ ფორუმებში.

 

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.