ზესტაფონში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის ოთხი წევრი და მათი მეზობელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულის ინფორმაციით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მან 112-ში დარეკვა მოასწრო, შემდეგ კი გონება დაკარგა.

კლინიკა "ფერომედში" პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან, მცირეწლოვნები კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა.