„ყვარყვარე“ - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 2023 წლის სეზონის მეორე პრემიერა გაიმართა, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოების „ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით სპექტაკლი „ყვარყვარე“რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმა დადგა. ტექსტზე მუშაობდნენ - მანანა ანთაძე, საბა ასლამაზიშვილი; კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი; ტექნიკური რეჟისორი - ეკა კულუა; მსახიობი - ჯანო იზორია.
სპექტაკლის შესახებ:
„ყვარყვარე“ - ეს არის პოლიტიკურ-სოციალური დრამა. ერთი ადამიანის დრამა , რომელიც ჰყვება ამბავს ადამიანზე, რომელსაც ნებსმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ მოცემულობაში შეუძლია მოერგოს ნებისმიერ ვითარებას. ნებისმიერ სიტუაციაში მოძებნოს გამოსავალი ისე, რომ პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი კარიერა იყოს. ყვარყვარე - ეს არის სპექტაკლი ადამიანზე, რომელიც ოცნებობს გახდეს ყველაზე ძლევამოსილი . ღმერთი, რომელსაც ყველა პატივს სცემს, ყველა განადიდებს. რომ საბოლოოდ ღმერთის სახელით შევიდეს ისტორიაში.
ეს პოლიტიკური სატირა შექმნილია, როგორც მონო სპექტაკლი, მთავარი მოქმედი გმირი წარმოიდგენს მთელ სამყაროს, რომელიც ბრუნავს მის გარშემო, წარმოიდგენს ყველა პერსონაჟს მის გარშემო და ქმნის საკუთარ სამყაროს ნაცარში. ის არის შემოქმედი, ის არის ღმერთი საკუთარ აშენებულ სამყაროში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 16 სექტემბერს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო უილიამ შექსპირის ბოლო და ყველაზე მისტიკური პიესა „ქარიშხალი“.