ფოთში, ,,ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ და ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დათო ხომერიკმა ბრიფინგი გამართეს. მათ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც ვასო ურუშაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს პოტენციალი საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში 50 000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ადამიანებს ღირსეული შემოსავლის მისაღებად აღარ უწევდეთ ემიგრაციაში წასვლა.
,,ჩვენ ვიმყოფებით სამწუხარო რეალობაში, როცა ქვეყნიდან სატვირთი ავტომობილის მძღოლები მიდიან ემიგრაციაში, ღირსეული დასაქმების და შემოსავლის საძიებლად.
ადამიანები კვირეები და თვეები გზებზე არიან, დღე და ღამ შრომობენ, თუმცა მიუხედავად ამ თავდაუზოგავი გარჯისა, მათ აქვთ დაბალი ხელფასები, 2000-2500 ლარის ფარგლებში, რაც ვერ უმკვლავდება გაძვირებულ ცხოვრებას ქვეყანაში.
უმძიმესი პირობები საავტომობილო გადაზიდვების სექტორში გამოწვეულია კორუფციით, ბიუროკრატიით, გაუმჭირვალე სანებართვო სისტემით და არასაკმარისი რაოდენობის ნებართვებით.
დღეს საქართველოში 16 130 სატვირთო ავტომობილის მძღოლია რეგისტრირებული, მათ აქვთ დაბალი ანაზღაურება და გაუსაძლისი პირობები, რის გამოც ყველა ცდილობა წავიდეს ემიგრაციაში და მიიღოს ღირსეული შემოსავალი.
საქართველოში არსებობს უდიდესი პოტენციალი განვითარდეს საავტომობილო გადაზიდვების სექტორი და შეიქმნას სულ მცირე 50 000 მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილი. ამისთვის აუცილებელია სწორი სატრანსპორტო და ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, უნდა აღმოიფხვრას კორუფცია, მოხდეს ნებართვების გაცემის გამჭირვალობის უზრუნველყოფა და მომავალში ნებართვების გაუქმება რიგ, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან. ამის პრაქტიკა არსებობს, ნაციონალური მოძრაობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ მოახერხე სომხეთთან და ყაზახეთთან ტვირთების გადაზიდვის სავალდებულო ნებართვების გაუქმება, დღემდე საქართველოს სომხეთთან აქვს თავისუფალი, უნებართვო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა სამწუხაროდ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ყაზახეთთან ისევ აღდგა სავალდებულო ნებართვების სისტემა, ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელებულიყო პროგრესი, სომხეთს და ყაზახეთს შემატებოდა სხვა ქვეყნები ჩვენ უკან გადმოვდგით ნაბიჯი.
საქართველოს შეუძლია დაჩქარებული ტემპებით, სწრაფი რეფორმების შედეგად, ინტეგრირდეს ევროპის თავისუფალ საავტომობილო გადაზიდვების სისტემაში, რაც გულისხმობს ტვირთების თავისუფლად და უნებართვოდ გადაადგილებას. ქართველ გადამზიდავს შეეძლება სპეციალური ნებართვის გარეშე ტვირთის გადაზიდვა ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, საქართველოში და სხვა მესამე ქვეყნებში. ამავდროულად საქართველომ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რეგიონის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ნებართვების გაუქმების თაობაზე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და მომავალში ჩინეთთანაც, როგორც ეს დღეს არის შესაძლებელი სომხეთთან.
შედეგად ქართველ გადამზიდავს ექნება შესაძლებლობა აწარმოოს ტვირთების გადაზიდვა ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით, ყოველივე ეს კი შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ტრანსპორტის სექტორში, განვითარდება კერძო სექტორი, მოხდება სატვირთო ავტოპარკის განახლება და ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა. საქართველო ჩამოყალიბდება სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად რეგიონში, რაც დამატებით ათიათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში, ქართველი გადამზიდავის შემოსავალი გაუტოლდება ევროპის შემოსავლის დონეს, რაც 6000-9000 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობას. ადამიანებს აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა და შრომა საკუთარ ქვეყანაშივე დაუფასდება",- აღნიშნა ვასო ურუშაძემ.