წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ხანძარია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვანო ბურდულის განცხადებით, დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იყო ხანძრის კერები, რაც, მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირდება.
„მოსახლეობა ნარჩენებისგან წმენდს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რაც ხშირად ხანძრის გამომწვევი მიზეზი ხდება. ხანძარმა დააზიანა ელექტროსადენები, სოფლის სასაფლაო“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის 10-ზე მეტი კერა იყო, ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, ცეცხლის ქრობის პროცესი ახლა სოფელ საჩინში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ხანძრის არცერთი კერა არ არის მოსახლეობასთან ახლოს და დასახლებულ ტერიტორიებს საფრთხე არ ემუქრება.