აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა.
აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა.
„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად შეძლეს მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.
ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება იცოდეს ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც უცხოურ ინტერესს ატარებენ, დადებითს თუ უარყოფითს. შესაბამისად, მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდება ამ კანონის მნიშვნელობაში. შეუძლებელია, რომ გამჭვირვალობა შეუსაბამო იყოს ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველივე სხდომაზე, მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. შესაბამისად, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების მიმართ მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი გახლავთ გამჭვირვალობა და შედეგებიც, მათ შორის მთავრობის გამჭვირვალობასთან მიმართებით, გვაქვს სახეზე. იცით, რომ გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ბიუჯეტი ღიაობით არის პირველ ადგილზე 125 ქვეყანას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებს მთავრობა და სამთავრობო სტრუქტურები, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ნაწილში.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და არნახული წნეხისა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარმოუდგენელი რისკის ფასად, „ქართული ოცნების“ პირობებში, ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს
ხალხს გარედან „დაუნიშნონ“ და „აურჩიონ“ მთავრობა და შეძლონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა.
შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.