გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში. ადიდებულია მდინარეები და სოფლის ხევები. სანიაღვრე არხების კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
"გვიან ღამით, ადგილზე მუშაობა დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. კრიტიკულ ადგილებში, არხებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზდა მძიმე ტექნიკა. მოსახლეობის დასახმარებლად წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო" - აცხადებენ თელავის მერიაში.
სტიქიამ თელავის გარდა, ლაგოდეხის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. მიყენებული ზარალი განსაკუთრებით მასშტაბურია ლაგოდეხში, სადაც ადიდებულმა მდინარე ალაზანმა 1000 ჰექტარ ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.