პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. კომიტეტის გასვლითი შეხვედრა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
„ბოლო წლების მანძილზე, კახეთის რეგიონში რეაბილიტაცია 194 სპორტულ მოედანს და 27 დარბაზს ჩაუტარდა. აშენდა 108 ახალი სპორტული მოედანი და 19 დარბაზი. რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა ჩოგბურთის კორტები, სპორტული დარბაზი, გივი ჩოხელის სახელობის რეაბილიტირებული სტადიონი, ჭადრაკის სახლი და სპორტის სასახლე დაათვალიერეს.
„კომიტეტის წევრები ნამდვილად არ ველოდით იმას, რაც სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით თელავში ვნახეთ. თელავს აქვს სრულყოფილი და გამართული სპორტული ობიექტები, როგორიც არის ფეხბურთის და რაგბის მოედნები, ორდარბაზიანი სპორტული კომპლექსი და ჩოგბურთის კორტები, სადაც შესაძლებელია მაღალი დონის ტურნირების ჩატარება. მაგრამ ახლა უკვე ვაწყდებით ფინანსურ პრობლემებს, რომელიც მუნიციპალიტეტს სჭირდება კალათბურთის და რაგბის გუნდების შესანახად, რათა სპორტულმა გუნდებმა ელემენტარულად მაინც შეძლონ აღნიშნული მოედნების და დარბაზების დაქირავება და იქ ვარჯიში. ვისურვებდი, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, სპორტულმა ფედერაციებმა მუნიციპალიტეტებში სპორტული ღონისძიებების გამართვის საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმონ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით ბევრი რამ კეთდება. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელზედაც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას აგრძელებს.
„მთავარია, რომ სპორტის მიმართ დამოკიდებულება და ის პოლიტიკა, რომელსაც რეგიონის ხელმძღვანელობა ატარებს, არის სწორი. აღნიშნულ მიდგომას პარლამენტის კომიტეტების მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები კახეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების დათვალიერებას გააგრძელებენ.