ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სარგებლობაში არსებული ბინები დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მერიის სამსახურებმა დღეისათვის მოახდინეს 427 ბინის აზომვითი ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. პირველ ეტაპზე სრულად მომზადებულია 114 ბინის დოკუმენტაცია.
„ ყველას გახსოვთ, რომ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პირობა საცხოვრისის საკითხს უკავშირდებოდა. იმ მოქალაქეებს, ვინც სარგებლობდა და ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ ბინებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ ქონების დაკანონებას, ჩვენ დავპირდით ამ ქონების საკუთრებაში გადაცემას. მრავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი გადაუჭრელი იყო. ვასრულებთ პირობას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჩვენს თანამოქალაქეებს, სარგებლობაში არსებული ბინები დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ!
მერიის სამსახურებმა დღეისათვის, მოახდინეს 427 ასეთი ბინის აზომვითი ნახაზების და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და პირველ ეტაპზე მომზადებულია 114 ბინის დოკუმენტაცია სრულად, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ოზურგეთელებს დავუკანონებთ. უახლოეს პერიოდში დაიწყება ეს პროცესი. შემდეგ ჯერზე, კიდევ ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.