სამთო კურორტი ბეშუმი, რომელიც არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. კურორტის შემოგარენი წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს.
წელს, როგორც ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ „აიპრესს“ უთხრა, დამსვენებლებმა ამინდის გამო თავი შეიკავეს მაღალმთიან აჭარაში ასვლისგან. თუმცა კურორტი მზად არის ტურისტების მისაღებად და ბეშუმობას, 2 აგვისტოს ყველას ეპატიჟება.
„შიდა გზების რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა და კიდევ მიმდინარეობს გარკვეული მონაკვეთებზე სამუშაოები. წვიმების გამო თავიდან მოგვიხდა შეკეთება. წყლების სისტემის რეაბილიტაცია მოხერხდა და დამატებითი სათავე-ნაგებობების გაწმენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გრაფიკით მიეწოდება ბეშუმის კურორტს წყალი ყოველთვის. რაც შეეხება ელექტრომომარაგების საკითხებს, უკვე ძირითადი მაგისტრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამავე დროს ფაქტობრივად ელექტროენერგია უპრობლემოდ მიეწოდება დამსვენებელს, ასევე წყალი და სხვა შიდა კომუნიკაციები მოწესრიგებულია“, - აღნიშნა ბაუჩაძემ.
რაც შეეხება კოტეჯების მფლობელებს, გამგებლის ინფორმაციით, ისინიც მზად არიან ტურისტების მისაღებად.
„1 ღამის გათენება კოტეჯებში დაახლოებით 20-დან 40- ლარამდე ჯდება. ბავშებისთვის არის ატრაქციონები, ღია მოედნებია სათამაშოდ. ჩვენ ჯანდაცვის კუთხითაც გავაუმჯობესეთ მდგომარეობა. ამბულატორიის ექიმი მანქანით 24-საათის განმავლობაში ადგილზე ემსახურება ბეშუმს და მიმდებარე იალაღებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც მორიგეობენ. ამ მხრივ რაიმე გართულება არ გვაქვს. ამბულატორია კი იყო, მაგრამ ექიმს მანქანა არ ჰყავდა და წელს ჰყავს და ექთანიც დაჰყვება“, - ამბობს გამგებელი.
ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ხულოში მოქმედებს საინფორმაციო ცენტრი. ძირითადად, ქართველები ისვენებენ, თუმცა ბოლო პერიოდში უცხოელები თურქეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდანაც იყვნენ.
„განსაკუთრებით მოიმატა ველოტურიზმის მოყვარულებმა. უცხოელი სტუმრები ბევრი გვყავს. ბეშუმშიც, შარშანდელთან შედარებით, ამ ეტაპზე საშუალო რაოდენობის ტურისტია. ცოტა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, ციოდა და ეტყობა ამიტომ არ ავიდა ბევრი ტურისტი. ახლა დათბა და 25 ივლისიდან ველოდებით დამსვენებლებს ბეშუმში“, - აღნიშნა ბაუჩაძემ.
გამგებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალციხე-ხულოს მოკლე გზის რეაბილიტაციაზე და განაცხადა, რომ 2016 წლის ადრე გაზაფხულიდან სამუშაოები უკვე უნდა დაიწყოს.
„გზის პირველად რემონტი გოდერძის გადასასვლელამდე თითქმის მისულია. ამინდებმა შეუშალა ხელი. თავიდან გახდა შესაკეთებელი. ამ ეტაპზე „იბერიაჯი“ ახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. რაც შეეხება მოასფალტების საკითხს, პროექტი მზად არის და გადის პროცედურებს. 24-ში გვაქვს ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, 2016 წლის ადრე გაზაფხულისთვის უნდა დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები. ეს არის ხულო-გოდერძის 35-კილომეტრმიანი მონაკვეთი. ახალციხესთან დამაკავშირებელი მოკლე გზა. პროექტს გავლილი აქვს რამდენიმე ეტაპი და გადის კიდევ. მას ახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს არის რეგიონული მნიშვნელობის გზა. პროექტი სექტემბერ-ოქტომბერში დაასრულებს ამ სამუშაოებს, მაგრამ ჩვენთან ადრიანად მოდის ზამთარი და ალბათ, ადრე გაზაფხულზე დაიწყება რეაბილიტაციის სამუშაოები. რაც შეეხება ბათუმი-ხულოს გზას, მოასფალტებული და შესაბამისი ჯებირებით გაკეთებული გზაა“, - განაცხადა ხულოს გამგებელმა.