ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით, დვაბზუ - დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 



სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ადგილობრივებს, სადაც მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.  

„განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც თანამოქალაქეებს მივეცით და დვაბზუ - დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 249 979 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 4 800 მეტრი სიგრძის გზა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.