ნადიკვრის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, სამუშაოები  ამ დრომდე მიმდინარეობს. 

პარკი, რომელიც  თელავის  ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, გასული წლის ზაფხულში, შეიძლება ითქვას, სრულიად უფუნქციო იყო.  გაჭიანურებულ  სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ მოჰყვა კრიტიკა. 

,,ნადიკვრის პარკი არამხოლოდ თელაველებისთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც არაჩვეულებრივი დასასვენებლი სივრცე იყო. რამდენი ხანი გავიდა, რაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ვერ დაადგა საშველი მის დასრულებას. გადათხარეს მთელი ნადიკვარი, იმდენად უპატრონოდ იყო ტერიტორია, პარკში მწვანე საფარზე ავტომობილებითაც კი შევიდნენ მოქალაქეები.,, - ამბობენ ადგილობრივები ,,აიპრესთან,, საუბრისას. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც  ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დასრულდება. 

,, თელავში ,,ნადიკვრის” პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში ქალაქის მაცხორებლები და სტუმრები პარკში განახლებული სივრცეებით სარგებლობას შეძლებენ.


ამ ეტაპისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია - მოეწყო ამფითეატრი, რომელიც ზაფხულისა და ტურისტულ სეზონზე არაერთ კულტურულ, მუსიკალურ და გასართობ ღონისძიებას უმასპინძლებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ საზოგადოებრივ სველ წერტილს, საფეხმავლო ბილიკებს, გარე განათების ქსელს. ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი სამეთვალყურეო კამერები. მოეწყო ახალი სარწყავი სისტემა, განახლდა სავაჭრო ჯიხურები.
მოეწყო ახალი საბავშვო სივრცე, რომელიც 8 სრულიად ახალი სპორტული ტრენაჟორით შეივსო. განთავსდა ახალი გასართობი ატრაქციები, რომელთაც აპრილის თვეშივე 2 ახალი ატრაქციონი დაემატება.


პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა - 2 730 936 ლარი. პარკი აქტიურ ფუნქციონირებას უახლოეს კვირებში დაიწყებს.,, - განუცხადეს ,,აიპრესს,, უწყებაში.