ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან გამრეკელმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე ქვიშხეთშია დაკრძალული, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი “მხედრული მამაცობისთვის” გადაეცა, მისი მშობლიური სოფლის - ოსიაურის სასაფლაოზე განისვენებს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერმა კაპრალმა გიორგი წიქარიშვილმა კი სამუდამო განსასვენებელი თბილისის ძმათა სასაფლაოზე ჰპოვა.
გვირგვინებით შეიმკო ხაშურში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი.
“ქართველი ხალხი მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მუდმივად იბრძოდა თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. აგვისტოს ომის გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის”, - აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.