2024 წლის სექტემბრიდან, სტაჟირების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.


სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყო და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კონკურსი გამოაცხადა 12 ვაკანტურ პოზიციაზე. სტაჟირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ
ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის,  
საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო, შესყიდვებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებებში; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში; ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, შიდა აუდიტის, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურებში;  ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვისა და სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილებებში;  განათლების კულტურის, და სპორტის სამსახურის განათლების და კულტურის განყოფილებაში. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატშიც.  
შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. 
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმების მოძიება დაინტერესებულ პირებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე შეუძლიათ.