ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

lუკვე განხორციელდა ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი, ამ ეტაპზე ხორციელდება ტერიტორიის მომზადება და სულ მალე დაიწყება სკვერის მშენებლობა. 


პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი შადრევნის მოწყობა, გარე განათებებისა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი, მოეწყობა კალათბურთისა და სკეიტბორდის მოედნები, ახალი ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება ქვაფენილი, იქნება მწვანე სივრცეები.
„პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ადგილობრივების საყვარელი დასასვენებელი სივრცეა, ამიტომ მისი კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული მცხოვრებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვისაც.“-აღნიშნა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.


მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს, ღირებულება კი 1 234 777 ლარს შეადგენს.
ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაცია ზაფხულამდე დასრულდება.