გურჯაანში, პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას 200 ახალგაზრდა იღებდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან.
ფორუმში მონაწილე სპიკერებმა, აუდიტორიას, თემაზე - „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“ მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, გაიმართა “მრგვალი მაგიდა” ახალგაზრდებს შორის. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ საუკეთესი სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა ფორუმის თითოეულ მონაწილეს.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა, მოეწყო გასტრონომიული გამოფენა, სადაც ფორუმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათივე ქვეყნებში წარმოებული ნიშური ტკბილეული, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოგეხსენებათ 200-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და რეგიონიდან, ასევე, გურჯაანთან დამეგობრებული სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ფორუმზე წარმოდგენილნი ახალგაზრდები. აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ აქტიურად და ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა.
ფორუმზე, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა. “მისასალმებელია ჩვენი რეგიონისთვის აღნიშნული ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ახალგაზრდული ფორუმის ინიცირებისთვის. რა თქმა უნდა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია მხარს უჭერს ახალგაზრდული ფორუმის წამოწყებას და ამ ინიციატივას. ნიშანდობლივი იყო დღეს ის გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდული ფორუმი შეიძენს ყოველწლიურ ხასიათს,” - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე ჟიურიმ საუკეთესო ქართველი და ევროპელი სპიკერი გამოავლინა.
„მსგავს ფორუმში, პირველად მივიღე მონაწილეობა, ეს ჩემთვის სპიკერობის პირველი გამოცდილება იყო. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გამყვება თან,” - აღნიშნა ფორუმის საუკეთესო ქართველმა სპიკერმა დეა ვეფხვაძემ.
„ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ დღეს შევხვდი ამდენ პერსპექტიულ ახალგაზრდას საქართველოდან და ევროპიდან. სასიამოვნოა თქვენი კულტურის გაცნობა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ბუნების ნახვა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის,” - განაცხადა ფორუმის საუკეთესო ევროპის ტიტულის მფლობელმა ლიეტუვადან აუსტეიამიკნევიჩიუტემ.
ფორუმის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ინტელექტუალური კონკურსის “მრგვალი მაგიდის” გამარჯვებული გუნდი მარიამ ზედელაშვილის ლიდერობით, რომელსაც გადაეცა სპეციალური ჯილდო, ხოლო გუნდის წევრებს (გაგა ზირაქაშვილი, ქეთი ზირაქაშვილი, ეკატერინე ზვერიაშვილი, გოჩა ზედელაშვილი, თამარი თანანაშვილი, სოფიკო თამაზაშვილი და იაკუბ მაკოვსკი/Jakub Makowski) სერტიფიკატები.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოვება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ მხარდაჭერით ჩატარდა.