22 ივლისს, გურჯაანში, ,,საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი 2023’’ გაიმართება. ღონისძიების მასპინძელი კაჭრეთის ამბასადორია. ფორუმის მთავარი თემაა - „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“ და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე ევროპელი ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან. ფორუმი მოიცავს როგორც სიტყვით გამოსვლებს, ასევე ინტელექტუალურ კონკურსს, გამოფენას, კულტურულ - შემოქმედებით კომპონენტს და დაჯილდოებას.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომლის მისიაა თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის, დაახლოვება სამომავლო პარტნიორობის თვალსაზრისით და მისი წახალისება კონკრეტული მოქმედებების დაგეგმვით. " ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, ახალგაზრდების მხარდაჭერა დავისახე მიზნად და ჩემს გუნდთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შევძელით ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება გურჯაანში ნამდვილად აჩვენებს იმ დიდ განვითარებას, რაც მუნიციპალიტეტმა აჩვენა წლების განმავლობაში და მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეწყობა და მხარდაჭერა ახალგაზრდებისადმი არის ორმხრივი პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება. ვიმედოვნებ, ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ და საინტერესო პერსპექტივებსა თუ კავშირებს აღმოაჩენენ საქართველოდან და ევროპიდან" - საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, საქართველოს პარლამენტის წევრის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, წელს პირველად გაიმართება და მას ტრადიციული სახე მიეცემა.