ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები მესამე დღეა აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა  საავტომობილო გზა ისევ გადაკეტეს. ისინი სახლებთან ახლოს მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, მშენებლობის გამო გაუსაძლის ხმაურში უწევთ ცხოვრება. მათივე მტკიცებით, აღნიშნულ ტერმინალზე მომავალში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება.

როგორც აქციის მონაწილეები ჰყვებიან, მულტიმოდალური ტერმინალის წარმომადგენლებთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა, სადაც  მშენებლობის ნებართვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების წარდგენა უნდა მომხდარიყო, ჩაიშალა, რადგან მეორე მხარე დათქმულ დროს არ გამოცხადდა.

„ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ აქ, ადგილზე უნდა გასცნობოდნენ სიტუაციას, უნდა ენახათ რა ხდება ჩვენს სახლებში და ერთად უნდა განგვეხილა ყველა დეტალი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. თუმცა მაშინ, როდესაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო,  7 საათზე მივიღეთ მესიჯი რომ ოფისში გვეპატიჟებოდნენ შესახვედრად, რაზეც უარი განვაცხადეთ. ეს არის დაუფასებლობა, ადამიანების აბუჩად აგდება",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დოკა ბაღათურია.

კომპანია ,,ფოთი ტრასტერმინალში“ აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ისინი მზად არიან ადგილობრივებს ნებისმიერ დროს ოფისში შეხვდნენ.

,,მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ადგილზე გვაქვს, მზად ვართ აქციის მონაწილეებს შევხვდეთ აქ, ჩვენს ოფისში და გავაცნოთ მათ ყველანაირი დოკუმენტაცია. ქუჩაში პრეზენტაციის ჩატარება არ იქნება შესაძლებელი. ჩვენ ველოდით მათ დღეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეთანხმება მათთან არ შედგა,“- განაცხადა კომპანია „ფოთი ტრასტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა, ორხან ხასანლიმ.

მოსახლეობა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.