სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში არსებულ ფიჭვნარში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებელი მწერის - ფიჭვის პარკხვევიას მასიური გამრავლების ფაქტები დააფიქსირეს. ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.
მავნებლის გავრცელების კერების სრული განადგურების მიზნით, ტერიტორიის წამლობა ორჯერ განხორციელდა. წამლობის დასრულების შემდეგ, ფიჭვნარ კორომში რეკრეაციული და ეკოლოგიური ფუნქციები სრულად აღდგება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.