თელავში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს იგივე კომპანია ახორციელებს, რომელსაც წარსულში აღნიშნულ პროექტზე არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების და არაერთი ვადაგადაცილების  გამო  თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება შეუჩერა.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის ბადურ რევაზიშვილის განცხადებით, ერთწლიანი პროექტის ფარგლებში კომპანია ,,როუდ სოლუშენმა,, სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარზე მეტი გამოიყო, 2020 წელს ჩაიბარა. სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიის არაკეთილსინდისიერების გამო პროცესი შეწყდა, 2023 წელს კი ტენდერში იგივე კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც დღეს ,,ენ დი როუდის,, სახელით არის ცნობილი.

,,ეზოების მოასფალტება დაიწყეს 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ერთწლიანი პროექტი იყო. სხვათაშორის, მივესალმებოდი ამ პროექტის მიმდინარეობას, თუმცა კი ვხედავთ, რაც მოხდა. 
გარკვეული ნაწილი მოასფალტდა. ახლა დაიწყეს ალაზნის გამზრისა და კავკასიონის ქუჩების კორპუსების ეზოების ნაწილის მოასფალტება, მაგრამ რამდენიმე ეზოს მოასფალტების სამუშაოები არ არის პროექტით გათვალისწინებული კვლავ. ხალხი არის ძალიან გამწარებული და უკმაყოფილო. მანქანებით შეუძლებელია ეზოებში გადაადგილება.,,- განაცხადა რევაზიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის თქმით, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და მასში გამარჯვება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და შავ სიაში არ იმყოფება.

,,კომპანიას,  რომელიც აღნიშნულ ლოკაციაზე სამუშაოებს ასრულებდა 2022 წელს შევუჩერეთ ხელშეკრულება უამრავი ვადაგადაცილების გამო და საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დავაკისრეთ, დავაჯარიმეთ 900 000 ლარით და შევწყვიტეთ პროექტი. გამოცხადდა ახალი ტენდერი და წელს გამარჯვებულია იგივე კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ჩვენ გვაქვს საჯარიმო დავა. მოგეხსენებათ, რომ ტენდერი არის ელექტრონული, საჯარო და ნერბისმიერ ორგანიზაციას, მშენებელს შეუძლია მიიღის მონაწილეობა და გაიმარჯვოს, მთავარია დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამ საქმის შესასრულებლად იქნება საჭირო.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.