ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი  მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში.

ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებიგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.
  
რაც შეეხება მესტიას, ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად ჩაკეტილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.

პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.