გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ  პაპუნა მარგველიძესთან  ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

სატყეო სამსახურის ახალი ოფისი რეგიონის 4 მუნიციპალიტეტს ემსახურება. შენობა აღჭურვილია  მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 104 თანამშრომელი, მათ შორის 11 მეტყევე და 57 ტყის მცველი.  ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით,  რეგიონის დაახლოებით 250-მდე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. 

„რაჭის რეგიონს ტურისტული პოტენციალის განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, სხვა პრიორიტეტებთან ერთად,  მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა ამ რეგიონში განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენს. კერძო სექტორის ხელშეწყობა  ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა და ეკოტურიზმის განვითარებაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია, რაც  რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას  და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 100,6 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ტყის ინვენტარიზაციას, რეგიონში ტყის ინვენტარიზაცია 2021-2024 წლებში განხორციელდა, შედეგად, სრულადაა განახლებული ინფორმაცია ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ. 268 000 ჰექტარზე მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.

მინისტრთან ერთად სატყეო სამსახურის ახალ ოფისში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.