სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან მუნიციპალური სამსახურები. დღეს კი, სამუშაოებში ბათუმის მერიის სპორტული კლუბების სპორტსმენები ჩაერთნენ.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიისა და შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. გრძელდება, ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგება, ჩართულია მუნიციპალიტეტის 200-ზე მეტი თანამშრომელი, 20-ზე მეტი ტექნიკა, მუდმივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, სტიქიის წუთებიდან. დღეს ჩაერთო საჯარო მოხელეები და სპორტული კლუბების წარმომადგენლები გაწმენდითი სამუშაოების შესრულებაში და ბუნებრივია, ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა მოხალისეს და ვინც იღებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას, მინდა მადლობა გადავუხადო. მიმდინარე კვირის ბოლომდე, სრულად დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები და ჩვენ ასევე დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, სადაც დაზიანებულია კომუნალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა. უახლოეს პერიოდში, ბათუმის სანაპირო ზოლს დაუბრუნდება ძველი იერსახე“,-აცხადებს, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ძლიერი შტორმისა და უამინდობის გამო მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან მერიაში 10-ამდე შეტყობინება შევიდა, რომელთაგან უმრავლესობა ქარის შედეგად სახურავის დაზიანებას ეხებოდა. მათივე ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოკლე გონივრულ ვადებში, ოპერატიულად განხორციელდება.