ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, "ჭაჭა თაუერის" დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილას მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.


ბათუმში,  გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე „ჭაჭის კოშკი“ 2012 წელს გაიხსნა. მასზე ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ჭაჭის კოშკიდან ქალაქის სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონზე ჭაჭა პერიოდულად, დღეში 5 წუთის განმავლობაში გადმოედინებოდა და ის ტურისტებში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა.

"ჭაჭა თაუერი" 2016 წელს ბათუმის მერიის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადავიდა, სადაც თაუერის ჭაჭის მუზეუმად გადაკეთებას გეგმავდნენ, თუმცა შემდგომ სააგენტო გაუქმდა და ობიექტის კონცეპტუალური ცვლილებაც ამ დრომდე არ მომხდარა.

თაუერიდან ამ დროისთვის ჭაჭა აღარ გადმოდის და ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარე ობიექტი უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

ბათუმში "ჭაჭის თაუერი" 2012 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა. კოშკს გარს ოთხი შადრევანი აკრავს. ჭაჭის კოშკის სიმაღლე მთლიანობაში 25 მეტრს შეადგენს.