ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ეროვნულ დონეზე დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის კომპონენტის დირექტორ მარიამ გორგაძესთან ერთად, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ბათუმში ოფიციალურად წარადგინა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გახსნა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კევინ მაკლოკლინმა.

არჩილ ჩიქოვანი - USAID-ის მხარდაჭერით დავიწყეთ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შემუშავება, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ეკოსისტემაში ანგარიშვალდებულების გაძლიერება, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება და საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელება. პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ როგორც არსებული, ასევე ახალი სერვისები. აღნიშნული რეფორმები მნიშვნელოვნად აისახება თითოეულ ბათუმელზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამა დაეხმარება ბათუმის მუნიციპალიტეტს კერძო სექტორის დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვაში, რაც პოზიტიურად აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ზრდაზე.

ახალი, 5 წლიანი პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია, ხელს შეუწყოს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ბათუმის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

დღეს გამართულ შეხვედრას ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს.