ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექვსი წამყვანი ექიმი ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის გასავლელად გაემგზავრება,– ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

"ქართველი მედიკოსები: ანესტეზიოლოგ - რეანიმატოლოგი - ზეინაბ ფაღავა, ზოგადი ქირურგი - ემზარ დიასამიძე, ტრავმატოლოგი - ლევან გვასალია, უროლოგი - როსტომ ხალვაში, ენდოსკოპისტი - არჩილ ძნელაძე და ნევროლოგი - ლაშა ხელაძე სამედიცინო კვლევით ცენტრ „კომეტს“ 15 სექტემბერს ეწვევიან და სასწავლო ტრენინგ-კურსს ორი კვირის განმავლობაში გაივლიან.

მედიკოსებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიკო ბაკურიძე და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი მეცენატი დავით ბელნანი შეხვდნენ. ექიმთა გადამზადების ხარჯებს სრულად დავით ბელნანი დაფარავს.

მედიკოსთა შერჩევა ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციისა და სამედიცინო კვლევითი ცენტრის „კომეტი“ მიერ განხორციელდა.

მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ეკუთვნის. საკითხის ორგანიზებაში ჩართული იყო მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიკო ბაკურიძე.

ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმების გადამზადება კლინიკის ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე, დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. საავადმყოფოს ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის დანიშნულება, სადაც სტუდენტები შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას. კლინიკის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

აჭარის მთავრობის აპარატის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონის სამედიცინო პერსონალის გადამზადება პერიოდულად ხორციელდება. 2016 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთში კვალიფიკაცია ონკოლოგიური საავადმყოფოს სამმა ექიმაა გაიარა და ორი ამჟამად გადის.

2011-2015 წწ პოლონეთში, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა ცხრა ექიმმა და ერთმა მედდამ."– აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში