„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც არჩევნები გაიმართა 26 ოქტომბერს. თითქმის ორი თვე გავიდა და არჩევნების შედეგებს აღიარებს რუსეთის მხოლოდ რამდენიმე სატელიტი ქვეყანა. მთავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ყველა ის ადამიანი, ვინც გამოდის თუნდაც ნახევარი საათით, აკეთებს ძალიან დიდ საქმეს." - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა, "გირჩი - მეტი საქართველოს" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხდა
"საბოლოოდ, ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ ქვეყანას კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და გავუდგეთ სამშვიდობოს ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
"გირჩი - მეტი საქართველოს" ლიდერის თქმით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილის შორის შეხვედრა არ შედგება.
„არა, მე არ მგონია, რომ ეს შეხვედრა შედგება და ივანიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს. არ მგონია, რომ ჯერ მაგ ეტაპზე ვართ მისული, მაგრამ მივალთ აუცილებლად. დადგება ეგ ეტაპი, როდესაც ივანიშვილს მოუწევს, იძულებული გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ მოლაპარაკების ერთადერთი საკითხი იქნება ახალი არჩევნები. ჩემი აზრით, ჯერ მანდ არ ვართ და ივანიშვილი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ის წასულია. როგორც კი მაგ მომენტამდე მივალთ, მერე დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ, არ მჯერა, რომ ახლა მივა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.