ქვეყანას ნამდვილად უკუსვლა აქვს დემოკრატიის თვალსაზრისით. პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, როგორც პოლიტპატიმარი ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„თავად ის ფაქტი რომ ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მისცა ქართველ ხალხს, ერთ რამეზე მკაფიოდ მეტყველებს, რომ არანაირი ილუზია საქართველოს მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, არ არსებობს და არც დანიის, ან პოლონეთის ელჩთან დაკავშირებული ამბები არ არის სრულიად სიახლე. ჩვენ გვყავდა აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნე იყო. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ასეთი უხეში ფორმით და დაპირისპირებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თავისი ნარატივი გაიტანოს. რატომ? - იმიტომ რომ ქვეყანას ნამდვილად უკუსვლა აქვს დემოკრატიის თვალსაზრისით. პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, როგორც პოლიტპატიმარი და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. რაც უფრო მეტად ხლაფორთობენ, მით მეტად შარში ხვევენ ქვეყანას",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.