გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მგლებმა რამდენიმე ძაღლიც დაგლიჯეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მგლების შემოსევას რამდენიმე კვირის წინაც უჩიოდა.

რამდენიმე თვის წინ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა "აიპრესთან" განაცხადა, რომ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო, რადგან, მისი თქმით, ბუნებაში დისბალანსია - ჩლიქოსან ცხოველს მნიშვნელოვნად ჭარბობს მტაცებელი ცხოველი. მტაცებლები კი ხშირად ადამიანებს და შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. 

იმის გასაკრვევად, თუ რა ღონისძიებებს მიმართა პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით, "აიპრესი" ზაზა ხუციშვილს დაუკავშირდა.

რამდენიმე თვის წინ თქვენი მოსაზრება იყო, რომ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. იმუშავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით? 

ზაზა ხუციშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ძალიან ცხელი გაზაფხული იყო. ამ თემასთან დაკავშირებით შემოდგომაზე აუცილებლად... მე ვმუშაობ, დღესაც წერილები მივიღე, გავაგზავნე სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან ვინც ამ საკითხზე მუშაობს".

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ისევ ხელოვნური რეგულაციების ამოქმედების პოზიციაზეა. 

მისი თქმით, მტაცებელი ცხოველების ხელოვნურად შემცირების პროცესში პროფესიონალი მონადირეები უნდა ჩაერთონ, ეს კი ანაზღაურებადი სამუშაო უნდა იყოს. 

„ჩემი ღრმა რწმენით, საჭიროა მტაცებელი ცხოველების ხელოვნურად შემცირება. ოღონდ ეს პროფესიონალმა მონადირეებმა უნდა გააკეთონ და არა ტყეში უბრალო ხალხის შესევით... რადგან იქ არის სპეციალური წესები, როგორ უნდა მოხდეს მგლის ბუნებიდან ამოღება. ჩემი მოსაზრებით, ეს ანაზღაურებადი სამუშაო უნდა იყოს, რადგან პროფესიონალი მონადირე, რომელსაც შეუძლია მგლის მონადირება, თან ისე, რომ გარკვეული კანონზომიერება იქნეს დაცული, საკუთარი სახსრების, ოჯახს 2-3 დღე არ მოწყდება და არაფრის გამო მგელზე არ ინადირებს, ეს არის ზღაპარი. ეს პრინციპი რომ არ მუშაობს, შედეგი გვაქვს. მგლის მოკვლაზე 360 ნებართვაა გაცემული და მხოლოდ 50 არის მონადირებული. ეს ნიშნავს, რომ ის ხალხი არ მიდის, ვინც საჭიროა. 

მთელ მსოფლიოში ხელოვნური რეგულირება მიღებული ფორმაა და ეს არის ანაზღაურებადი საქმიანობა. ჩვენთან ასე, რომ იყო მიშვებული, მივიღეთ ეს შედეგი, ეს შედეგი პროგნოზირებადი იყო“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 

ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავთ?

ზაზა ხუციშვილი: „კანონში მგელზე ნადირობა ჩვეულებრივ რომ იყოს დაშვებული... ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან თუ მგელზე სანადიროდ ჩვეულებრივი ადამიანები წავლენ, დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი მგელზე ნადირობის მიზეზით, სხვა რამეზე ინადირებს. ძალიან ძნელია კონტროლის გარეშე მონადირეების ტყეში შეშვება. 

მგლის მოკვლაზე 360 ნებართვა გაცემულია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს, რომ მგელი გვაყენებს ამხელა ზიანსო და მერე მიიღება გადაწყვეტილება. 

როგორც წესი იქ იმართება ნაცნობ-მეგობარი მონადირეების შეკრება და გადიან ერთხელ, როგორც წესი შედეგს ვერ ნახულობენ“. 

ზაზა ხუციშვილის თქმით, მგლის ბუნებიდან ამოღება პროფესიონალი მონადირეების მიერ რომ მოხდეს და ეს ანაზღაურებადი იყოს, ამას გარკვეული ფინანსები სჭირდება. 

„ეს მთავრობასთან გასავლელი თემაა, საიდან გამოიყოფა თანხა, როგორ გამოიყოფა, ჯერ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პროფესიონალების ჩარევის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 

გარემოს დამცველების მოსაზრებაა, რომ ეს ყველაფერი ბუნებამ უნდა დააბალანსოს და ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს...

ზაზა ხუციშვილი: „როგორ უნდა დააბალანსოს ბუნებამ?! ბუნება აბალანსებს აფრიკაში, სადაც 1000 ჩლიქოსანზე მოდის 1 მტაცებელი, და როცა მტაცებელი უფრო მეტი გყავს, ვიდრე ჩლიქოსანი, ბუნებამ რა უნდა დააბალანსოს?! 

მარტო 13 ადამიანია გარდაცვლილი. გახსოვთ ოდესმე შეკვეთილში მგელი გამოჩენილიყოს და თავს დასხმოდეს პირუტყვს? შეკვეთილიდან დამირეკეს, სადაც კაცს მგელი ისტორიულად არ უნახავს, იქაც დაესხა თავს პირუტყვს. საერთოდ, სადაც მგელს ასე აფარებენ ხელს, იმ ქვეყანაში ზარალი ანაზღაურებადია და ეს ხალხი ცოდო არ არის? ადამიანების სიცოცხლეზე აღარაფერს ვამბობ, ზოგიერთისთვის ძროხა უკანასკნელი შემოსავლის წყაროა, ასევე მარჩენალი ცხენები, რითაც ხალხი შრომობს... საინტერესოა, ამაზე რა პასუხი აქვთ გარემოს დამცველებს. 

მათი თეორიის მიხედვით იცხოვრა საქართველომ უკანასკნელი 22 წელი და შედეგს ხედავთ. ყველა წელს უარესი მდგომარეობაა“.