ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი
კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნეს.

მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დროული და მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც
მონაწილეებს კონფერენციის თემებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაუზიარეს.

ლევან იოსელიანმა და რუსუდან კოხოძემ დეტალურად ისაუბრეს იმ საქმიანობის შესახებ, რასაც მათი უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო პროცესთან მიმართებაში ახორციელებენ.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: საარჩევნო პროცესში
ტექნოლოგიების გამოყენება - მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება, არჩევნების მოდერნიზება და ელექტრონული სერვისების დანერგვა, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და მისი პოტენციური გავლენა არჩევნების შედეგებზე, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.


ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად
ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინა.


„საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ყოველ წელს ვმასპინძლობთ, გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამჯერად ვისაუბრებთ ორ თემაზე.

პირველი - საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მეორე დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

როგორც ყოველთვის კონფერენცია არის მასშტაბური, მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელები და მიმდინარეობს ექსპერტული და პროფესიული განხილვები.

2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით განახორციელა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, მათი რეკომენდაციებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2025 წლისა და შემდგომი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. ის ფაქტი, რომ წლევანდელ კონფერენციაზე განსახილველი თემების მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი, ადასტურებს რომ ეს საკითხები ყველას საერთო გამოწვევაა და მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად“ -აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის ფარგლებში ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/აპარატის უფროსმა საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ სერვისებსა და არჩევნების მართვის პროგრამებზე ისაუბრა, ელექტრონული ტექნოლოგიების
მენეჯერმა გიორგი სტურუამ კი მონაწილეებს საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო.

კონფერენციის მეორე დღე დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.


კონფერენცია 5-6 ივნისს გაიმართება და მასში 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.