„გვარამიას გამოშვება ვერანაირად ვერ შეამცირებს პოლარიზაციას. პირიქით, ის არის ამ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მთავარი წყარო.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთ-ერთი რიგითი აგენტის მიერ დავალების შესრულება.
„რასაც „ხალხის ძალა“ ბოლო თვეების მანძილზე მუდმივად ვსაუბრობთ, არის აგენტების თემა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ კონტექსტში ქვეყნის პრეზიდენტიც უნდა მოვიხსენიოთ. ნიკა გვარამიას შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვა არაფერი არ იყო, თუ არა ერთ-ერთი რიგითი აგენტის მიერ დავალების შესრულება. კრამონის ნათქვამი მიანიშნებს პრეზიდენტს, რომ თავი მართლა ლიდერად არ წარმოიდგინოს. კრამონმა ალბათ ამიტომ თქვა ის სათქმელი (ვიცოდით და ველოდით ამ ამბავსო), რომ ხაზი გაუსვა - ეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ იყო. ალბათ სალომე ზურაბიშვილს ლიდერად არ მოიაზრებენ იმ საერთო თემაში, რისთვისაც, ზოგადად, დაალაგეს ეს სქემები. ამ სქემის ნაწილია გვარამიას გამოშვება, რომელიც აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ევროინტეგრაციის თემასთან. მით უმეტეს, გვარამიას გამოშვება ვერანაირად ვერ შეამცირებს პოლარიზაციას. პირიქით, ის არის ამ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მთავარი წყარო. გვარამიას ნებისმიერ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ, ელჩების ან ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, ყველასთვის გასაგები ხდება, რომ მისი გარეთ ყოფნა ქვეყანაში დეპოლარიზაციას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს. მეორეა უკვე ადამიანებში განწყობა - სად არის სამართლიანობის პრინციპი? რადგან, უფრო ნაკლები ან შემთხვევითი დანაშაულებისთვის ათასობით პატიმარი გვყავს, მაშინ როცა საკუთარი კომპანიიდან მილიონების მოპარვისთვის ბრალდებული ციხიდან თავისუფლდება. მაგრამ, სალომე ზურაბიშვილი ალბათ ამით არ დაასრულებს - როცა აგენტი ხარ, რაღაც დავალებები უპირობოდ გაქვს შესასრულებელი.“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.