ახალი საფრთხის წინაშე ვდგებით - როდესაც ამერიკულ კანონს უწოდებენ რუსულს, ახალი საფრთხე იქმნება, რომ საქართველოს ხელისუფლების საქციელი, მისი განწყობა და პოზიცია არასწორად შეფასდეს და ამან მომავალში საქართველოს განვითარებას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „აგენტების ამერიკულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

„ხალხის 85%, ვინც ევროატლანტიკურ გაერთიანებას უჭერს მხარს, საქართველოში ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს პოზიციების გაძლიერებასა და განვითარებასაც უჭერს მხარს და ამის ლომის წილი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“ და გულდასაწყვეტია, ვინმეს თუ ამაში ეჭვი შეეპარა.

არსებობს ევროპული ორგანიზაცია, რომელიც, საკმაოდ კარგი იდეით აფინანსებს კონკრეტულ ორგანიზაციას და თან, დეპოლარიზაციას ითხოვს იგივე სტრუქტურა საქართველოს ხელისუფლებისაგან. ამ დროს დაფინანსება ხდება ორგანიზაციის, რომელიც გამოდის და დეპოლარიზაციისსაწინააღმდეგო ქმედებებს უწყობს ხელს.

თუ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გაცილებით მეტი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნებაა“ შემოქმედი იმისა, რომ საზოგადოებას აქვს რწმენა დასავლელი პარტნიორების. როდესაც ამ რწმენის საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებს კონკრეტული ორგანიზაცია, ეს არის დასავლეთის, ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი საგარეო კურსის დისკრედიტაციის პირდაპირი რესურსი და მექანიზმი. არ შეიძლება ევროპული ფასეულობის მატარებელი იყოს პოლიტიკური პარტია, ვისაც ბრალი მიუძღვის ადამიანების მასიურ წამებაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პროტესტი პარლამენტში, პარლამენტს გარეთ და უკმაყოფილო განცხადებები დასავლეთიდან - ასეთ ფონზე ჩატარდა თავდაცვისა და საგარეო კომიტეტების სხდომა, რომელზეც „აგენტების ამერიკული კანონი“ უნდა განეხილათ. ეს პროცესი ორშაბათს იურიდიულ კომიტეტზე გადაინაცვლებს.