ვასილ მაღლაფერიძე ტრამპის სამშვიდობო გეგმას ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
როდესაც ყველამ ჩათვალა, რომ ტრამპმა ხელი ჩაიქნია უკრაინაში ომის დასრულებაზე და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდებოდა, მოულოდნელად მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა მისი სამშვიდობო გეგმა, რომელიც, მხოლოდ უკრაინას კი არ შეეხება, მთელი ევროპის პოლიტიკას თავდაყირა დააყენებს.
საყურადღებოა, რომ ეს გეგმა ევროპელთა გვერდის ავლით მომზადდა. არადა, აქამდე ევროპელები ამ ომის ერთ-ერთ მთავარ აქტორებად გამოდიოდნენ.
რიგითი ევროპელი მოქალაქე ტელევიზორში ყოველდღე უცქერს უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელებებს და შიშობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მის ქვეყნაშიც იგივე უბედურებას დაატრიალებს. პარალელურად კი უსმენს თავის ლიდერებს, რომლებიც იძახიან, რომ უკრაინას ყველანაირად დაეხმარებიან, ამ ომს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ და რუსეთს დაამარცხებენ. ეს, რასაკვირველია, ხელისუფლების გარშემო მოსახლეობის კონსოლიდაციას ახდენს.
ოღონდ მოკავშირეების დახმარება უკრაინას მხოლოდ იმდენად ჰყოფნის, რომ სული ერთბაშად არ ამოხდეს და სისხლისგან ასე წვეთ-წვეთად დაიცალოს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ბრძოლის არნახულ უნარს ავლენენ, ძალა აღმართს მაინც ხნავს და ისინიც ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევენ, ტერიტორიებს კარგავენ და, რაც მთავარია, კარგავენ გენოფონდს - საჯიშე ვაჟებს და ქალიშვილებს, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, მილიონობით ადამიანი გაქცეულია ქვეყნიდან. მიწასთან გასწორებულ ქალაქებზე, სოფლებზე და ინფრასტრუქტურაზე აღარაფერი ვთქვათ.
პროპაგანდის მანქანა მთელი ძალით მუშაობს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ევროპა რუსეთთან ომშია ჩაბმული, ევროპელი პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, მინისტრები, პარლამენტარები და გენერლები ირწმუნებიან, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, აწესებენ მრავალსერიან სანქციებს, ომის შეწყვეტაზე საუბარი დანაშაულია… ბრძოლა ბოლომდე, ვიდრე რუსეთი არ ჩამოიშლება. ევროპელი ამომრჩეველი გამარჯვების მოლოდინით ცხოვრობს და ომიც გრძელდება უკრაინელთა სისხლის ხარჯზე.
თუმცა, თავად ევროპა, როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სამარცხვინოდ იქცევა და რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს - ამ ომის განმავლობაში ევროპამ უკრაინას 181 მილიარდი გადასცა, ხოლო რუსეთის ეკონომიკაში 310 მილიარდი ჩაასხა.
ევროპული სტრუქტურების მხრიდან მუდმივად ისმის საყვედურები საქართველოს მიმართ და თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ამისი ერთადერთი მიზეზი არის საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
მშვენივრად იციან, რომ საოკუპაციო ჯარის ნაწილები დედაქალაქიდან ნახევარი საათის სავალზე დგანან და საბაბი თუ მიეცათ, ძალიან იოლად შეუძლიათ უბედურების დატრიალება.
რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში არავინ დაგვეხმარება, 2008 წელს ეს უკვე გამოვცადეთ… არც არავის აქვს დახმარების ვალდებულება, რადგან საქართველო ნატოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ ვერ მიგვიღეს ნატოში. სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავიჯეროთ, რომ მართლაც ამ მიზეზით არ მიგვიღეს.
სამაგიეროდ, როდესაც ავღანეთში დავჭირდით, მაშინ სტანდარტი არ გახსენებიათ და საქართველომ უფრო მეტი ჯარისკაცი გაგზავნა იქ, ვიდრე ბალტიისპირეთის სამივე და კიდევ ნატოს წევრმა ბევრმა ქვეყანამ ერთად აღებული.
ახლა კი, ტრამპის გეგმის მიხედვით ნატომ გაფართოებაზე უარი უნდა თქვას, რაც უკრაინას და საქართველოს შეეხება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დახმარების ვალდებულება ნატოს არც სამომავლოდ ექნება.
ვიდრე მთელი უკრაინის კამპანიის უკან აშშ იდგა, ევროპელი ლიდერებისთვის, ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება იყო, თავად მუდმივად რუსეთთან ბრძოლის ავანგარდში ჩანდნენ, ომახიან განცხადებებს აკეთებდნენ, რუსეთზე გამარჯვებას აანონსებდნენ და, ამავე დროს, ევროპელი მოქალაქეები სარაკეტო იერიშებს მხოლოდ ტელევიზორებში უყურებდნენ.
ტრამპის მოსვლით ეს მოცემულობა მთლიანად შეიცვალა!
პირველ რიგში იგი კატეგორიულად გაემიჯნა ამ ომს და განაცხადა:
1. რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა.
(ამით მან მხოლოდ ბაიდენს და წინა ადმინისტრაციას კი არ დააკისრა პასუხისმგებლობა, არამედ - ევროპელ ლიდერებსაც).
2. რომ აუცილებლად მიიჩნევს ომის შეწყვეტას იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც აწვდიან ამერიკის სადაზვევრვო და ანალიტიკური სამსახურები. ასევე ტრაპის ადმინისტრაცია ემიჯნება ევროპელი ლიდერების იდეას რუსეთის საბოლოოდ დამარცხების შესახებ და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, ფანტაზიის სფეროში ცხოვრობენ.
3. იგი ღიად აცხადებს, რომ თუ ომის შეწყვეტის მის გეგმას არ მიიღებენ, აშშ ამ ომიდან დისტანცირდება, ხოლო ომის მთელი ტვირთი და შედეგებზე პასუხისმგებლობა ევროპას დაეკისრება .
4. ტრამპი აცხადებს, მისი გეგმის მიღების შემთხვევაში ევროპას რუსეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და ამის გარანტად გვევლინება აშშ.
ეს გეგმა კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ კურსს, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიჰყვებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და ამტკიცებდნენ, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებდა.
ასე რომ, წინაასაახალწლოდ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, ევროპელი ლიდერები, რომლებიც მეოთხე წელია მოსახლეობას რუსეთზე საბოლოო გამარჯვებას პირდებიან და ტრამპი, რომელიც მსოფლიოს ჰპირდება, რომ ომსაც დაასრულებს და იმის გარანტიებსაც შექმნის, რომ რუსეთი ევროპას ომს არ დაუწყებს.
ტრამპის გუნდის განცხადებებში მუქარაც იკითხება, რომ თუ “ვინმე” ამ შეთანხმების ჩაშლას ეცდება, ძალიან ინანებს. ზელენსკის კი პირდაპირ უთხრეს, რომ ეს შეთანხმება არის მშვიდობის მიღწევის გზა და ამაზე დათანხმება მოუწევს.
ყველასთვის ნათელია, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვიტარებიდან გამომდინარე, ამ შეთანხმებაში უკრაინისთვის ბევრად მძიმე მუხლები იქნება ჩადებული, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ მომზადებულ შეთანხმებაში, რომელიც საგანგებოდ ჩამოსულმა ბატონმა ჯონსონმა მაშინაც იმ საბაბით ჩაშალა, რომ უკრაინისთვის მძიმე პირობებიაო.
შემდეგ ჯონსონი რაღაც ბანალურ სკანდალში გაეხვა, გადადგა და ყველას მიავიწყდა, ომი კი დღემდე გრძელდება… და პირობებიც დამძიმდა.
შეიძლება, ეს შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპს საპასუხო ზომებიც გათვლილი აქვს და რამდენიმე თვეში შეთანხმება მაინც შედგება, ოღონდ უფრო მძიმე პირობებით.
აღმოჩნდა, რომ გლობალურ ასპარეზზე დღეს ტრამპი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც უკრაინის ომის დასრულების გზებს ეძებს. ისიც ცხადია, რომ ამ თითქმის ბირთვულამდე მისული ომის დასრულება, პირადად მას უზარმაზარ პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს - მსოფლიოსთვის ამ ომში მთავარი გამარჯვებული იქნება აშშ და ტრამპი.
ამავე დროს, ტრამპის გეგმაში არის მუხლები, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობას თავმოყვარეობას სრულად დაუკმაყოფილებს და საფუძველს მისცემს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ კოლექტიურ დასავლეთზე გამარჯვებით იამაყოს.
ომს უნდა ჰყავდეს დამარცხებულებიც რომლებსაც ასამართლებენ!
ასეთი დამარცხებული ვერ იქნება უკრაინა და უკრაინის მოსახლეობა, რომელიც, სინამდვილეში, მსხვერპლია!
უკრაინის მთავრობა არავის მიაჩნია საკმარისად დამოუკიდებლად, რომ ჯოხი მხოლოდ მათზე გადატყდეს.
ტრამპის გეგმის განხორციელების შემთხვევაში დამარცხებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროპული პოლიტიკური ელიტას, რომელიც წლების განმავლობაში უზარმაზარ ფინანსებს განკარგავდა, რუსეთზე გამარჯვებას აანონსებდა და, მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ომი წაგებულია, ხოლო მათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის ღირსად არ თვლიან. ამომრჩეველი ამას დღევანდელ ლიდერებს არ აპატიებს!
აქედან გამომდინარე, ევროპის პოლიტიკურ ველზე კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაბამისად, ცვლილებები მოხდება ევროპულ-ქართულ ურთიერთობებშიც და საქართველოშიც დასრულდება ტვინების რეცხვის გარედან მართული კამპანია.




