ბატონო ოთარ, თქვენ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ნამყოფი ხართ თუ არა ჭიათურაში? - ჭიათურა უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფაშია, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ „ჭიათურ მანგანუმს“ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მმართველი ჰყავს.
"როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ნამყოფი ხართ თუ არა ჭიათურაში? დაინტერესებული ხართ თუ არა ჭიათურაში არსებული სიტუაციით და თქვენი ამ სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდში ხართ თუ არა იქ ნამყოფი? რატომ გეკითხებით ამას - ჭიათურიდან ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარის მადანი გაედინება და ჭიათურა უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფაშია. ამ სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან მოყოლებული სწორედ თქვენი სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, ჩიქოვანი მართავს „ჭიათურ მანგანუმს“, ფაქტობრივად თქვენ მართავთ - სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მმართველი. რატომ წარადგინეთ? იმიტომ, რომ უმძიმესი ეკოლოგიური ვითარება იყო და თითქოსდა ეს გაღელვებდათ. 2020 წელს კიდევ 3 წლით გაუგრძელეთ ვადა. ამის შედეგად: 2016 წელს ჭიათურაში დაზიანებული ტერიტორია იყო 356 ჰა, 2021 წელს 504 ჰა; ასევე, მაქვს ჰენრიხ ბიოლის მიერ დაფინანსებული დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში, მდინარე ყვირილა ძირითადად მანგანუმით, რკინით და ტყვიითაა დაბინძურებული. მანგანუმით დაბინძურება იწვევს ღვიძლის, თირკმელების, რეპროდუქციული, ნერვული, კუნთოვანი, ენდოკრინოლოგიური და სასუნთქი სისტემების დაზიანებას. რკინით დაბინძურება ხელს უწყობს კიბოს, ციროზის, გულის და თვალის პრობლემების გამოწვევას, უფრო მეტიც - დღეს იმდენად მძიმე ვითარებაა, პირველად 90-იანი წლების შემდეგ, თქვენ მიერ წარდგენილი მმართველის პირობებში “ჭიათურ მანგანუმის“ მაღაროებით მოპოვება გაჩერებულია და ღია კარიერული წესით მოპოვება ხდება.
როდემდე აპირებთ ამ ძარცვის ხელშეწყობას? რადგანაც არ ხართ ჩასული, პარლამენტის შემოსასვლელში ფოტო-მასალა მოგიტანეთ, რა ხდება ჭიათურაში და იქ მაინც მობრძანდით და ნახეთ, რა უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფა ხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.