იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.