2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა, ისაუბრა.

„ჯავშნიანი მანქანა მყავდა, დაცვაც მყავდა პირადი. მანქანა დამიზიანეს, რაღაცები გადამიჭრეს და იძულებული ვიყავი მანქანა სერვისში გამეგზავნა და გადავჯექი მეუღლის მანქანაზე. ხაშურისკენ მივდიოდი, ელიავას ბაზრობას როგორც კი გავცდი ბლოკირება გამიკეთა ორმა შინდისფერმა მანქანამ. უკნიდან ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმაში 7-8 კაცი, ავტომატის ჯერი დაცალეს, ბლოკირება მოახდინეს ტერიტორიის, უკნიდან და გვერდიდან შუშები ჩამიმტვრიეს. დაცვა გადავიდა ხელები აწიეს, იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, იმიტომ რომ ჩამცხრილავდნენ. მანქანიდან გადმოვედი ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ ბიჭებს ერთ-ერთმა მითხრა ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი მომარტყა სახეში, ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ უკვე საქმეს. ერთადერთო რაც შევძელი, ბლოკირება გავიკეთე სახის, რომ დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა. ხელები სულ დაყვლეფილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავიყინე, თუ ვიმოძრავებდი თავს არ დამანებებდნენ. იარაღი ამოიღეს, ამოაცალეს და წავიდნენ“,- განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ვალერი გელაშვილის თქმით, მიხაილოვის საავადმყოფოში მას შეგნებულად უკეთებდნენ გადასხმებს, რათა სითხით გავსებულიყო ფილტვები და გათიშულიყო.

„ავდექი ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი, სისხლი მომდიოდა. სამრეცხაო იყო იქვე და გადამიყვანეს. მაშინ დარეკა ჩემმა მეუღლემ და ვუთხარი თვითმფრინავი გამომიგზავნე სასწრაფოდ და გამიყვანე აქედან, თორემ არ მაცოცხლებენ - მეთქი. თვითმფრინავი 19 საათში ჩამოვიდა, მანამდე მიხაილოვის საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ შეგნებულად, შარდმდენს არ მიკეთებდნენ, რათა სითხით გავსებულიყო ჩემი ფილტვები და გავთიშულიყავი. თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, გაფრენა არ შეიძლებოდა, წყლით მქონდა სავსე ფილტვები, გავსკდებოდი. იქვე, რეაბილიტაცია გამიკეტეს ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია და ვილნიუსში გავფრინდით. 3-4 დღეში ოპერაცია გავიკეთე 7 საათი თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“,- განაცხადა ვალერი გელაშვილმა.