"ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.
საქართველოს ფოსტამ“ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან გააფორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა აფართოებს მის ბიზნესშესაძლებლობებს, რაც, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის შემოსავლებზე, არამედ, ზოგადად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ბიზნეს სუბიექტებს, დაამყარონ თანამშრომლობა „საქართველოს ფოსტასთან.“ როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ „საქართველოს ფოსტის“ და „ალიბაბა ჯგუფის“ თანამშრომლობა წარმატებული იქნება, კიდევ უფრო გაფართოვდება და კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ მნიშვნელოვან სერვისს შესთავაზებს.
პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომ, დანიშნულების ქვეყნებში ტრანსპორტირება.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ „საქართველოს ფოსტა“ გახდეს მომგებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მომხმარებელთა კმაყოფილებას, მეორე მხრივ კი წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში და ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირებას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.










