ბელგიის უმთავრესი კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ წელს მიეძღვნება საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან ხელოვნებას და ისტორიას, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კულტურა და ხელოვნება წარმოდგენილი იქნება ათობით გამოფენაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე, კინოდარბაზსა და თეატრში მთელი ბელგიის მასშტაბით.
„თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს არის განსაკუთრებული წელი ბელგიისა და საქართველოს ურთიერთობებში. ბელგიის უმთავრესი კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ წელს მიეძღვნება საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან ხელოვნებას და ისტორიას, თანამედროვე და უახლეს ხელოვნებას. საქართველოს კულტურა და ხელოვნება წარმოდგენილი იქნება ათობით გამოფენაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე, კინოდარბაზსა და თეატრში მთელი ბელგიის მასშტაბით. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო „ევროპალია“ ხელოვნების ფესტივალს და განსაკუთრებით ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს იმისათვის, რომ მოგვცა საშუალება საქართველოს საუკეთესო ქმნილებები ჩამოგვეტანა ბელგიაში და ყველასთვის გაგვეზიარებინა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ქართულ და ბელგიურ გუნდებში, ამდენი იშრომა იმ გამორჩეული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც დღეს პირველად იყო წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე.
ვინაიდან დღევანდელი ღონისძიება ასევე ეძღვნება „ევროპალია-საქართველოს“, გვინდოდა მოკლედ გვეცნობებინა თუ რა გელოდებათ ფესტივალის ოთხი თვის განმავლობაში.
დღეს საღამოს გაგიზიარებთ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ ფენომენს - მრავალხმიანობას, ეროვნულ ბალეტსა და ოპერას. მაქვს პატივი განვაცხადო, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ ქართული თანამედროვე ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“, მსოფლიო დონისა და კლასის სოპრანო, ქალბატონი ნინო მაჩაიძე, გამორჩეული ქართველი პიანისტი, ქალბატონი დუდანა მაზმიაშვილი და ბოლო, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას ქართულ პოლიფონიას გვაზიარებს.
ახლა კი, მეტ დროს აღარ წაგართმევთ და ვიტყვი, რომ მაქვს პატივი სცენაზე ვიხმო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი აღმატებულება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ პატივცემულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს”, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.