„საზოგადოებას მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია, როდესაც მოისმინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა ზეწოლას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დატოვებულ წერილში სამართალდამცველის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე წერდა.

„ეს არის ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომლის უპასუხოდ დატოვება და დამნაშავის არ და ვერ დასჯა ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის, ვისაც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება თუ ახლა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ დანაშაულის გახსნაზე თუ ამ საქმის ბოლომდე გამოძიებაზე. მე მაწუხებს ის, რომ ზოგადად არის ჯერ კიდევ, ამ ქვეყანაში, ისეთი გარემო, ჯერ კიდევ ეს ასეა, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლებელი ხდება - ერთი, და მეორე - საზოგადოებას მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია, როდესაც მოისმინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლოა ჰქონდა ადგილი რაღაც არაფორმალურ ზეწოლას თუ ურთიერთობას მოქალაქესთან. ამის გამო არ გაჩენილა კითხვები, ეს როგორ შეიძლება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა გადაუჭრელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.